logo
ENG



გრიგორიადისის მამა: არ დავუშვათ, ეს ახალგაზრდები გაასამართლონ სანქცირებულმა მოსამართლეებმა

01 მაი 202314:21
3 წუთის საკითხავი
 

დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მამა მოქალაქეებს დღეს საქალაქო სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები სანქცირებული მოსამართლეების მიერ არ უნდა გასამართლდნენ. ამის შესახებ მან ფორმულასთან ჩართვაში ისაუბრა.

"დღეს სასამართლოს ეზოში ლაზარეს მაგივრად ვიქნები მე. სანქცირებულმა სასამართლომ არ უნდა გაასამართლოს ის ახალგაზრდები, რომლებიც ებრძვიან რუსულ რეჟიმს საქართველოში. დღესდღეობით, ამბავი ასეთია - მე ვარ იქ, სადაც უნდა ყოფილიყო ლაზარე და არ დავუშვათ, რომ ეს ახალგაზრდები, ეს ვაჟკაცები გაასამართლონ სანქცირებულმა მოსამართლეებმა. მეგობრებო, გთხოვთ და გელოდებით სასამართლოს ეზოში. დღეს უნდა ვიხმაუროთ", - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მარტს პატიმრობა შეუფარდა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავება.

ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ის ოპოზიციას დაუკავშირეს, სოციალურ ქსელებში გრიგორიადისის დისკრედიტაციაც დაიწყეს, ქართული ოცნებისგან ანალოგიური ხასიათის განცხადებების პარალელურად.

ბევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ლაზარე გრიგორიადისი პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნედ გამიზნულად აირჩია და სწორედ ამ საქმით დაიწყება 7-9 მარტის აქციებში მონაწილეთა მიმართ რეპრესიები.

20 აპრილს დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ აქვს სურვილი, ლაზარეს საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

21 აპრილს გრიგორიადისის ოჯახმა, მარტის აქციების კიდევ ერთმა ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა და თავისუფლების ინსტიტუტმა წარადგინეს პეტიცია, რომლითაც ითხოვენ ბრალდებული აქტივისტის საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი დღეს 17:00 საათზე გაიმართება - პარალელურად, დაანონსებულია აქცია, რომელიც საქალაქო სასამართლოს ეზოში 16:00 საათზე დაიწყება.


close დახურვა