logo
ENG



გრინსერვის+-ისა და მშენექსპერტის თანამშრომლები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ

19 ოქტ 202212:39
3 წუთის საკითხავი
 

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული გრინსერვის+-ისა და შპს მშენექსპერტის თანამშრომლები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

გრინსერვის+-ის დირექტორისა და ორი თანამშრომლის ადვოკატი, ომარ ფურცელაძე აღნიშნავს, რომ განყოფილებაში დაბარებისთანავე ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდეს და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

"ბატონი ლაშა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორი პირი არ აღიარებენ ბრალდებას", - ამბობს ფურცელაძე.

თავს დამნაშავედ არ ცნობენ შპს მშენექსპერტის დირექტორი და ინსპექტორი. გამოძიება სწორედ მათ ედავება ყალბი დასკვნის გაკეთებას. ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს უსაფრთხოების საკითხებთან შემხებლობა არ ჰქონიათ.

"შესაბამისად, ისინი ამოწმებდნენ და გასცეს დასკვნა ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით, რომ ჩატარებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შეესაბამება სატენდერო პირობებს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არც ლიცენზია ჰქონდათ და ვერც ასეთი ტიპის დასკვნას გასცემდნენ. მათ საექსპერტო კვლევის პროცესში ჩართული შადრევანიც არ უნახავთ", - აცხადებს გიგუაშვილი.

საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის ადვოკატი კი აღნიშნავს, რომ გიორგი ვახტანგაშვილმა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ჯეროვნად შეასრულა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 19 ოქტომბერს განცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.


close დახურვა