რუსეთში, კურსკის ოლქში მდებარე აეროდრომზე აფეთქება მოხდა. გუბერნატორი რომან სტაროვოიტა Telegram-ზე წერს, რომ აფეთქება უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმამ გამოიწვია.
"დრონის თავდასხმის შედეგად კურსკის აეროდრომის მიდამოში ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყვა. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. ადგილზე მუშაობენ სპეციალური სამსახურები", - წერს ის.
გუშინ, 5 დეკემბერს რუსეთმა თქვა, რომ მათ ტერიტორიაზე მდებარე ორ აეროდრომზე - რიაზანისა და სარატოვის ოლქებში აფეთქება მოხდა. შემთხვევას 3 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების იერიში იყო. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გამოყენებული იყო საბჭოთა წარმოების დრონები.