ტელეკომპანია ფორმულას დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ მაუწყებლობის 24 საათით შეწყვეტაზე BBC-ის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ამ პროტესტით საზოგადოებისთვის იმის ჩვენება უნდოდათ, როგორია ცხოვრება დამოუკიდებელი მედიის გარეშე, ასევე, იყო გზავნილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის.
"მაუწყებლობის გათიშვა არის ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლური აქტი, ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რომ საქართველოს მთავრობა ცვლის პროდასავლურ ორიენტაციას. ჩვენი მიზანი იყო, საზოგადოებას დაენახა, როგორია ცხოვრება დამოუკიდებელი მედიის გარეშე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის ეპოქაში ხდებოდა და რაც ავტოკრატიულ ქვეყნებში - პუტინის რუსეთსა და ლუკაშენკოს ბელარუსში ხდება.
ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც დაცულია კანონის უზენაესობა და არის უსაფრთო გარემო ყველასთვის, მათ შორის უმცირესობებისთვის, ლგბტქ აქტივისტებისთვის და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჩვენ გვესმის მხოლოდ აბსოლუტურად პოპულისტური და უპასუხისმგებლობა ნარატივი, რომელიც ზრდის პოლარიზაციის დონეს და ძალადობის რისკებს თბილისის ქუჩებში", - თქვა გუმბარიძემ.
მან 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას თქვა, რომ პოლიციამ ძალადობის აღსაკვეთად არაფერი გააკეთა, არ დაუკავებიათ ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები.
"მსგავსი, შესაძლოა, მოხდეს ნებისმიერ კონსერვატიულ საზოგადოებაში და საქართველო კონსერვატიული ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მემარჯვენე ძალადობრივ ჯგუფებს აქვთ აშკარა კავშირი მთავრობასთან, კრემლთან და მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. პოლიციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღეკვეთა ძალადობა თბილისის ქუჩებში და მწვანე შუქი აუნთო ბრბოს. არ დაუკავებიათ ამ ძალადობრივი ჯგუფების არც ერთი ლიდერი", - აღნიშნა გუმბარიძემ.
ფორმულას დირექტორმა პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
"საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს, ქვეყანა იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ამიტომ მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს, როგორ აღიქვამს დასავლური სამყარო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დასავლეთმა უნდა გაზარდოს ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, მათ შორის დაიწყოს პერსონალური სანქციების დაწესება ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის წინააღმდეგ", - განაცხადა მან.
გუშინ, 14 ივლისს 4-მა ტელეკომპანიამ - ფორმულამ, მთავარმა არხმა, TV პირველმა და კავკასიამ ყველა პლატფორმაზე მაუწყებლობა შეწყვიტა. მედიების მოთხოვნაა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯონ მედიის წარმომადგენლებზე მოძალადეები.
5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.