ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ საქართველოში აშშ ყოველთვის იქნება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე.
ეს განცხადება გუმბარიძემ აშშ-ს ელჩსა და კრიტიკული მედიების წარმომადგენლებს შორის, ნიკა გვარამიას პატიმრობის საქმეზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"აშშ-ს საელჩოს განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი აქცენტებით, რომელიც ძალიან მალე ვიხილეთ ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ. დღევანდელი ფორმატი იყო დახურული, შესაბამისად მე დეტალებზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღეს საელჩოდან გამოსვლის შემდეგ ზუსტად ვიცი და ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანაში ამერიკა ყოველთვის იქნება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე და ყოველთვის შეეცდება, რომ ქვეყანა ნორმალური დემოკრატიული კურსით განვითარდეს", - აღნიშნა გუმბარიძემ.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.