ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე წამყვან ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქმეზე დაწყებული გამოძიების მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს.
როგორც გუმბარიძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, სანაიაზე თავდასხმის მიზეზი მისი საქმიანობაა. მისივე თქმით, კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის ფაქტები ხშირია და ამაზე ხელისუფლებას სათანადო რეაგირება უნდა ჰქონდეს.
გუმბარიძე ამბობს, რომ უშუალოდ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებიც ხშირია. მისივე ინფორმაციით, თვალთვალის ობიექტი არხის კიდევ ერთი ჟურნალისტი და წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი არის.
"ეს არის ყოვლად ამაზრზენი ფაქტი რაც მოხდა, როდესაც 3 ნაძირალა ადამიანმა, მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოიჭირა ჟურნალისტი, რომლის საქმიანობაც არ მოსწონთ, მიიჩნევენ, რომ მისი საქმიანობა არ მოსწონთ და მასზე იძალადეს. ყველანაირად ცუდი საქციელია. არც ერთი კოდექსით რომ არ მოსულა, ისეთი საქციელია. მთავარი არის ის რომ ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ უფრო ფართო კონტექსტით. დღეს მედია მთლიანად არის საფრთხის წინაშე.
დღეს მედიაზე მთლიანად არის ზეწოლების ფართო კასკადი. მათ შორის ფორმულას ეთერში გასვლის პირველივე დღეს, მე დამიბარეს პროკურატურაში. მუდმივად ხდება ზეწოლა ჩვენს ჟურნალისტებზე, მათ შორის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან. ჟურნალისტის პროფესია დღეს არის აბსოლუტურად დაუცველი. მედია მენეჯერები არიან დაუცველები, იმის ნაცვლად რომ თავის საქმეს აკეთებდნენ უწევთ სასამართლოებში და პროკურატურაში სიარული. დღეს ნინო ჟიჟილაშვილმა მითხრა, რომ თვენახევრის წინ სახლთან დახვდა უცნობი პირი, დაუწყო ფოტოების გადაღება, ძალიან მოუახლოვდა, მეზობელმა დაინახა და ამის შემდეგ მოხდა მდგომარეობის განმუხტვა. ასეთი ფაქტი კიდევ 1 კვირის წინ მოხდა", - ამბობს გუმბარიძე.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სანაიაზე განხორციელებული თავდასხმის საქმეს ტელეკომპანია ბოლომდე გაჰყვება და "არ მისცემს ხელისუფლებას საქმის ჩაფარცხვის შესაძლებლობას".
"შევხვდი ადვოკატებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს მუხლი არ არის ადეკვატური. ჩვენ გავაკეთებთ ამაზე განცხადებას. ღმერთი არ გაუწყრეს ხელისუფლებას და არ ეცადოს ამ საქმის ჩაფარცხვას. ამ საქმეს ბოლომდე გავყვებით. ყოველდღე დავინტერესდებით იმით, თუ რა მიმართულებით მიდის გამოძიება და სად არიან ეს ადამიანები. ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლებაში საღი აზრი კიდევ არსებობს. ეს არის პირდაპირ განხორციელებული ძალადობის აქტი და მოტივი არის ის, რომ ის არის ჟურნალისტი და მისი საქმიანობა არ მოსწონთ",- განაცხადა გუმბარიძემ.
კითხვაზე - რამდენად რთულია ასეთ პოლარიზებულ გარემოში მედია ოპერირება, გუმბარიძე პასუხობს, რომ "მედია საქმიანობა ყოველდღე რთულდება, იზრდება ზეწოლა მედიებზე".
"ვართ მუდმივად თვალთვალის და ფარული მიყურადების ობიექტი. დღეს კრიტიკულ მედიას დაცვა სჭირდება. თუ ქვეყანაში კრიტიკული მედია არ არსებობს, რა ევროპულ ან ევროატლანტიკურ მომავალზე შეიძლება ვისაუბროთ; მაშინ ის არის რომ მივდივართ რუსეთისკენ. ამაზე ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად უნდა თქვას უარი და საზოგადოება მალე უნდა გამოფხიზლდეს. უნდა გვქონდეს უმკაცრესი რეაგირება ყველა ასეთი ტიპის მედია შეტევაზე. რადგან მედიის გარეშე ქვეყანა ვერ იარსებებს და ვერ განვითარდება ნორმალურად",- აცხადებს ზუკა გუმბარიძე.
ვახო სანაიას სამი პირი ვაკეში თავს გამთენიისას დაესხა. როგორც სანაია ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაია ამბობს, რომ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული, დაშავებულია მისი რძალიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.