ბუტა რობაქიძის საქმეზე მსჯავრდებული შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.
როგორც „ფორმულას“ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა განუცხადა, დონაძის გათავისუფლება პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
მისი განმარტებით, შეთანხმება გურამ დონაძეს და საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ მიქაძეს მას შემდეგ გაუფორმდათ, რაც მათ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცეს.
„ნოემბერში გავაკეთე მე განცხადება, სანდო წყაროზე დაყრდნობით, რომ ხელისუფლებამ შესთავაზა გურამ დონაძეს და ზურაბ მიქაძეს ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ყალბი ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება და გამოეშვათ საპატიმროებიდან. ერთი კვირის წინ, ორივე მოწმე, ე.წ. ოქროს მოწმეები, პროკურატურამ სირბილით, მიუხედავად კარანტინისა და პანდემიისა, მიიყვანეს საქალაქო სასამართლოში, მიაცემინეს ის ჩვენება რაც უნდოდათ, რომ მიეცათ და როგორც ჩემთვის ცნობილია, დონაძემ უკვე გუშინ დატოვა საპატიმრო და მიქაძე დატოვებს საპატიმროს ივლისის დასაწყისში“, - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე 2018 წლის 18 დეკემბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დონაძის და მიქაძის გარდა, სასამართლომ დამნაშავედ კიდევ სამი პირი ცნო - თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით იაშვილი, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე და დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილი უფროსი - ირაკლი ფირცხალავა. რაც შეეხება სასჯელებს: დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა, ასევე თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლითა და 3 თვის ვადით; ზურა მიქაძეს 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა, თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლით და 3 თვის ვადით; ირაკლი ფირცხალავას 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლისა და 3 თვის; ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით შეეზღუდა.