„ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო დმგომარეობის გახანგრძლივებას მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ახლა ქვეყანას შეზღუდვები აუცილებლად სჭირდება.
„გვქონდა გუნდში კონსულტაცია და საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დავუჭერთ, ჩვენ გვინდა ზომები, რომ დროზე დავიწყოთ ერთის მხრივ, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, რათა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლონ. მეორეს მხრივ, დროზე, ნელ-ნელა შევძლოთ შეზღუდვების მოხსნა, რათა ეკონომიკური განვითარება ამოქმედდეს.
რაც შეიძლება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ეს ოპოზიციის გადასაყვეტია. ახლა ფაქტია, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანას სჭირდება“, განაცხადა მაჭარაშვილმა.
კორონავირუსის გამო, ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გრძელდება. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მის გაგრძელებას გადაწყვეტს, ხელისუფლება დადგენილებას დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაუგზავნის. პრეზიდენტი, იმ შემთხვევაში, თუ დაეთანხმება გადაწყვეტილებას, ხელმოწერილ დოკუმენტს უკან უბრუნებს მთავრობას. საბოლოოდ, დადგენილება პარლამენტში ხვდება, რომლის მიღებასაც მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.