logo
ENG



დაავადებული ცხენის ხორცის მოტყუებით გაყიდვისთვის 3 ადამიანი პასუხისგებაში მისცეს

03 მაი 202310:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/03/5uhl3rn1ytp46zp.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პასუხისგებაში მისცეს სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი დაავადებული ცხენის ხორცს ამუშავებდა და ინახავდა, მეორე ცხენის ხორცს აძლევდა დამუშავებული პროდუქტის სახეს, მესამე კი მოტყუებით ყიდდა სავაჭრო ობიექტში, როგორც საქონლის ხორცს.

უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ჩადენილი დიდი ოდენობით, პასუხისგებაში სამი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე.ჯ. ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ამუშავებდა და ინახავდა ქ. თბილისში მდებარე ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე.

შემდგომში მის მიერ ცხენის ხორცის რეალიზაცია ხდებოდა ბრალდებულ დ.წ.-ზე, რომელიც ცხენის ხორცს აძლევდა დამუშავებული პროდუქტის სახეს და აწვდიდა ბრალდებულ დ.მ.-ს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, მომხმარებელთა მოტყუებით ყიდდა ქ. თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტში თითქოსდა საქონლის ხორცისგან დამზადებული პროდუქტის სახით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან და ბრალდებულთა ფაქტობრივი საქმიანობის ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ცხენის ხორცი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით"- ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა