ონკოპაციენტები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისა და სამედიცინო მომსახურების გაძვირების ფონზე უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი სიცოცხლისთვის აუცილებელი კურსის გაგრძელებას ახლობლების დახმარებითაც ვეღარ ახერხებენ.
"დაგვიფინანსეთ სიცოცხლე" - ამ ფორმულირებით ონკოპაციენტები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. შეგროვდა ხელმოწერები იმ მიზნით, რომ მთავრობამ ანტიკრიზისულ გეგმას ამ პრობლემის გააზრებით გადახედოს. საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა 70%-ით ფინანსდება, დარჩენილი თანხაც კი იმდენად დიდია, რომ დაწყებულ მკურნალობას ახლა პაციენტები ვერ ასრულებენ.
სამედიცინო დახმარების პოლიტიკის შეცვლაზე საუბრობენ ჯანდაცვის ექსპერტებიც. მათთვის ცნობილია იმ პაციენტების პრობლემები რომლებსაც სიცოცხლის გადასარჩენად მძიმე და ძვირი მკურნალობა უწევთ . ხარჯების დაფარვა კი არ შეუძლიათ. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ისინი 100 %-ით რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც უნდა დააფინანსოს.