დავით გარეჯის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხა. უწყებაში არ აკონკრეტებენ გამოკითხვის თარიღს, თუმცა ამბობენ, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე 60-მდე პირია გამოკითხული, მათ შორის, ნოღაიდელი. იგი პრემიერის თანამდებობას 2005-2007 წლებში იკავებდა.
დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურას ჯერ არ უთქვამს თუ რა მოტივით მოქმედებდნენ მელაშვილი და ილიჩოვა.
9 ოქტომბერს, დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ განაცხადა, რომ კარტოგრაფიული რუკის მოძიებაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. მისი თქმით, დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა მამა კირიონმა დახმარებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, შემდეგ კი ორიგინალი რუკის მოძიების საქმეში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო და დავით ხიდაშელს დაუკავშირდა, რომელმაც რუკის ორიგინალი მოიძია.
დავით ხიდაშელზე, რომელსაც დეკანოზი ახსენებს, ფორმულა საუბრობდა.
გიორგი თარგამაძის ფორმულას წყაროს ცნობით, ის ტოპოგრაფიული რუკები, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ პროკურატურას მიაწოდა და რის საფუძველზეც დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები დააკავეს, უწყებამ რუსეთიდან მოიპოვა. წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს რუკები სწორედ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა.
რას ამბობს პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში დავით ხიდაშელი - ნახეთ აქ.