logo
ENG



დავით დარჩიაშვილი: გარეჯის საქმეზე პროკურატურაში მიბარებენ

02 თებ 202113:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/02/nu1e1nn2lhaxfp5.jpg

დავით დარჩიაშვილი Facebook-ში წერს, რომ მას დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში იბარებენ.

"მიბარებენ პროკურატურაში გარეჯის საქმეზე. ვაპირებ ავუხსნა, რომ ესაა ვიშინსკის სტილის საქმე: აი, ძველ სპეცებს მრეწველობაში რომ საბოტაჟს აბრალებდნენ კომუნისტების შეკვეთით, ისეთი", - წერს დარჩიაშვილი.

2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

კარტოგრაფები თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 იანვარს, 20-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თქვა, რომ გამოძიების მთელი აქცენტი დავალებების გამცემი პირების იდენტიფიცირებისკენ არის მიმართული. მისი თქმით, "დადგინდა მოტივი, რომ ბრალდებულები [ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი] მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად".

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მალხაზ მიქელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მესამედ დაიბარეს. უწყებაში ის დღეს, 2 თებერვალს უკვე გამოცხადდა. მალხაზ მიქელაძე სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც იკავებდა 2004-2005 წლებში, კომისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კი 2017 წელს დანიშნეს. მიქელაძე იზიარებს პოზიციას, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. 

მანამდე კი პროკურატურამ ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლითაც გაირკვა, რომ უწყება მელაშვილს და ილიჩოვას უთვალთვალებდა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობას, ისევე, როგორც მთლიანად საქმეს, პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება პოლიტიკური მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, საარჩევნო რეფორმასა და ახალ არჩევნებთან ერთად.


close დახურვა