რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ გუშინ მისი ერთ-ერთი ოფისიდან საარჩევნო ბანერები ჩამოხიეს. ის ამ ინციდენტში ქართულ ოცნებას ადანაშაულებს.
"ქართული ოცნება მარცხდება, ამას ჩვენ 30ში გავაფორმებთ და ყველა იმ ცუდ საქციელზე, რასაც ისინი ჩადიან, მაგალითისთვის გუშინ ჩემს ერთ-ერთ ოფისზე, კოსტავას ქუჩაზე, ჩამოხიეს ბანერები ვანდალურად, ჩვენ პოზიტიური ინიციატივით ვუპასუხებთ." - თქვა დავით კირკიტაძემ დღეს, 23 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
აღსანიშნავია, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდში ბანერებისა თუ პლაკატების დაზიანების პირველი შემთხვევა არაა. სხვა ინციდენტების დროსაც ოპოზიციის წევრები ქართულ ოცნების ბრალეულობაზე საუბრობდნენ.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში რუსთავში ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით კირკიტაძე და ქართული ოცნების კანდიდატი ნინო ლაცაბიძე დაუპირისპირდებიან.
30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.