TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებულ დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი ჟურნალისტები შეძახილებით შეხვდნენ.
კუტალაძეს ბრალად ედება ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობაში. სასტიკი ცემის შემდეგ, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობდა, ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ის დღეს დაკრძალეს.
პროცესის დაწყების წინ პროკურორი თამარ იაკობიძე ამბობდა, რომ გამოძიება 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორების გამოვლენის კუთხითაც მუშაობს.