logo
ENG



დავითაშვილი: დაახლოებით 80 აგრარული ბაზარი გვაქვს, უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

27 აპრ 202013:21
3 წუთის საკითხავი
 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისიტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში დაახლოებით 80 აგრარული ბაზარია, თუმცა მათი უმრავლესობა დღეიდან ფუნქციონირებას ვერ განაახლებს. დავითაშვილის განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ბაზრები ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით დაწესებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით შეიმუშავეს ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს აგრარულ ბაზრებში ჰიგიენური და სანიტარული წესები დაცვას ერთი მხრივ, მეორე მხრივ ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობები, რომელიც დეტალურად იყო გაწერილი და თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა, ეს იქნება საცალო, თუ საბითუმო, უნდა დააკმაყოფილოს. ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოებით 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და შესაბამისად ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან ფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა.

"შესაბამისად, ყველა აგრარული ბაზარი, რომელიც საჭიროებს მუშაობას, მნიშვნელოვანია აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც არის გაწერილი გაიდლაინებში. ეს ეხება როგორ მიკვლევადობას მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარულ ზედამხედველობას, სადეზინფექციო სამუშაოების სწორად ჩატარებას, თერმოსკრინინგს, პირბადეების აუცილებლად ტარებას და სხვა იმ მოთხოვნებს, რომელიც გაწერილია საგანგებო ვითარების პირობებში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მანვე მარნეულის მოვლენებსა და რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება ეტაპობრივად ყველგან აღდგება.

„თქვენ იცით, რომ ქვემო ქართლში გვქონდა პრობლემები, რომელიც დარეგულირდა სახელმწიფოს კომუნიკაციით ადგილობრივ მწარმოებლებთან. მოხდა დაკავშირება მყიდველებსა და გამყიდველებს შორის და ასევე მოეწყო სპეციალური ფორმატი საბითუმო ბაზრის სახით მარნეულის მუნიციპალიტეტში. ასევე დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, ეტაპობრივად მოხდება იმ აგრარული ბაზრების ფუნქციონირების აღდგენა, რომელიც ამ მომენტისთვის არ მუშაობს“, - განაცხადა მინისტრმა.


close დახურვა