logo
ENG



დავითაშვილი: წინაპირობები, რომ პურის ფასი გაიზარდოს, ბაზარზე არ არსებობს

23 აპრ 202013:31
3 წუთის საკითხავი
 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით პურის ფასის გაზრდა მოსალოდნელი არ არის.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფასის შენარჩუნებასთან დაკავშირებით პურის მრეწველთა კავშირთან და ასევე ინდივიდუალურ საწარმოებთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

მინისტრმა ამ კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწესდა ზღვარი, რომლის თანახმადაც, 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 51 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

„ჩვენთვის პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ, რომ მოსახლეობის სოციალური ფონი უფრო რთული და მძიმეა კორონავირუსთან ბრძოლის შეზღუდვების პირობებში. ამიტომ ჩვენ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ასევე თვითონ ინდივიდუალურ საწარმოებთან იმისთვის, რომ პურის ფასი შევინარჩუნოთ. მაგრამ, მხოლოდ კომუნიკაცია ან მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები დაფიქსირებული ფასის, ვერ მოგვცემს გადაწყვეტის საშუალებას, ჩვენ ქმედითი მექანიზმები უნდა შევთავაზოთ სექტორს და ქმედითი მექანიზმი იყო ზუსტად ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ აამუშავა. ეს გულისხმობდა ორ რამეს, 1 - დეფიციტის პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ რეგიონში გაზრდილ მოთხოვნას, განსაკუთრებით ზოგიერთ აგროსასურსათო პროდუქტზე, ეს პირველ რიგში ხორბალს ეხება, ჩვენი მიზანი იყო წაგვეხალისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა და ეს იქმნება ზუსტად იმ დაზღვევის მექანიზმით, რომელიც იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ მათ მიიღონ სუბსიდირება, სუბსიდიის თანხა არის კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ ფქვილის ფასი, რომელიც ძირითადი ინგრედიენტია პურის წარმოებაში, იყოს დაფიქსირებული. აქ ჩვენ დავაწესეთ უმაღლესი ზღვარი, რომ ერთი ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისათვის, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებების შედეგად, დღეს გაზის მიმწოდებელმა კომპანიებმა პურის საცხობებისთვის ტარიფი 10 თეთრით შეამცირეს.

„ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც პურის ფასში მონაწილეობს, ეს არის ენერგომატარებლები. ძირითადმა კომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან მოქალაქეებს, მიიღეს გადაწყვეტილება და 10 თეთრით შეამცირეს ტარიფი პურის საცხობებისთვის. შესაბამისად, წინაპირობები იმისათვის, რომ პურის ფასი გაიზარდოს, ბაზარზე დღეისთვის არ არსებობს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.


close დახურვა