logo
ENG



დავითულიანმა წულუკიანის შესახებ ევროპარლამენტარების წერილში ოპოზიციის კრიტიკა ამოიკითხა

06 თებ 202114:50
3 წუთის საკითხავი
clock 3120

ქართული ოცნების ახალწვეული დეპუტატი ბექა დავითულიანი ევროპარლამენტარების 5 თებერვლის წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ საერთაშორისო მეგობრების მთავარი გზავნილი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლის მხარდაჭერაა, მიუხედავად იმისა, რომ წერილის ავტორებმა თალაკვაძეს წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის პარლამენტის ტრიბუნიდან გასაჯაროებისა და ელჩზე "არაეთიკური თავდასხმის" გამო მისწერეს.

წერილში, რომელშიც ევროპარლამენტარებმა წულუკიანის ქცევა დაგმეს, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის დარბაზში "წესიერების მაღალი ხარისხის" უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს, უმრავლესობის სხვა გზავნილები ამოიკითხა. მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, არ დახმარებოდნენ ოპოზიციას პროცესის რადიკალიზაციაში.  

"ჩვენ მოგვიწოდებენ, ნუ დავეხმარებით ოპოზიციას და ნუ შევუწყობთ ხელს რადიკალიზაციაში", - ამბობს დავითულიანი ევროპარლამენტარებზე, - "რადიკალიზაცია, ნამდვილად, არ არის ჩვენი მიზანი". 

რაც შეეხება ტელეკომპანია მთავარის დირექტორის, ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას, რასაც ევროპარლამენტარები "პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების დარღვევად", წერილის თანაავტორი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კი, "წითელი ხაზების გადაკვეთად" აფასებს, დავითულიანი ამბობს, რომ ეს "პრაქტიკა" თავდაპირველად სწორედ ოპოზიციამ დანერგა. 

"ეს არ არის სასურველი, თუმცა ეს პრაქტიკა დაამკვიდრა ოპოზიციამ, როდესაც საჯაროდ, მათ მიტინგებზე, ცხადდებოდა ჩვენი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ტელეფონის ნომრები", - ამბობს დავითულიანი. 

ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე აპელირების მიუხედავად, წერილის ერთ-ერთმა თანაავტორმა ანდრიუს კუბილიუსმა ფორმულას გუშინ განუცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის ამოწურვასა და მხარეებს შორის კომუნიკაციის ნორმალიზებაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება. 

"პირველ რიგში პასუხისმგებლობა მმართველ პარტიაზეა", - განაცხადა კუბილიუსმა და წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროვება "არასწორ საქციელად" შეაფასა. 

ელჩი ჰარცელის კრიტიკაზე წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა ევროპალრამენტარი კრამონიც და იუსტიციის ყოფილი მინისტრის განცხადებას "არაეთიკური თავდასხმა" უწოდა. 

"თავდასხმა საქართველოს მეგობარზე, თან არაეთიკურად, მიუღებელია", - განაცხადა კრამონმა ფორმულასთან

დავითულიანი კი მმართველი პარტიისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის კრიტიკის ნაცვლად, ევროპარლამენტარების წერილში მხოლოდ სიტუაციის დეესკალაციისკენ მოწოდებებს ხედავს. 

"პროცესების რადიკალიზაცია არ უნდა იყოს ჩვენი სტილი", - ამბობს დავითულიანი. 


close დახურვა