თბილისის ინფექციური საავადამყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, იმისათვის, რომ ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა კონტროლირებადი იყოს, მოქალაქეებმა ყველა დაწესებული შეზღუდვა უნდა გაითვალისწინონ.
"ძალიან გამკაცრდა შეზღუდვები. ამ გამკაცრებას იწვევს ის, რომ შიდა გავრცელება აქტიურ ფაზაში შევიდა თითქოს. იმისთვის, რომ კონტროლირებადი მატება შევინარჩუნოთ, აუცილებელია ამ გამკაცრებულ ღონისძიებებს დავემორჩილოთ. გთხოვთ ყველას, რომ დარჩით სახლში. ეს ყველას გვეხება. ჩვენი დაწესებულება უკვე მე-3 თვეა ასეა. მე და ჩვენი თანამშრომლები უკვე მე-3 თვეა ძირითად ვცხოვრობთ ცენტრში. ჩვენი ცხოვრების წესი არის მხოლოდ სამსახური. შეიძლება სახლში დარჩენა არის რთული, მაგრამ ეს უნდა შევასრულოთ. დავრჩეთ სახლში იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ვაჩუქოთ სიცოცხლე. ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი მომავალი. ძალიან გთხოვთ - დავრჩეთ სახლში",- განაცხადა ეზუგბაიამ.