logo
ENG



დათა თავაძე: რუსთაველის თეატრი საპყრობილეა... აქ ხელს აფარებენ მოძალადეებს

14 აპრ 202101:06
3 წუთის საკითხავი
 
დათა თავაძე: რუსთაველის თეატრი საპყრობილეა... აქ ხელს აფარებენ მოძალადეებს

მსახიობი და რეჟისორი დათა თავაძე კოლეგას, ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ დღევანდელი რუსთაველის თეატრი "საპყრობილეა", სადაც მოძალადეებს ხელს აფარებენ. 

"მთელი გულით ვამაყობ ნინუცას გამბედაობით. ერთია, საკუთარ თავში იმის ძალა მონახო, რომ შენი ისტორია მოყვე და მეორეა, იმის მხნეობაც გეყოს, ოპტიმისტურ, გამოსავლისკენ ორიენტირებულ მოწოდებად აქციო. ვისურვებ, ერთმანეთი ისე გავაძლიეროთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს საკუთარ თავში ეს დიდი მხნეობა და გამბედაობა!

ასევე, ძალიან ვწუხვარ, რომ ის თეატრი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ყველა ის მსახიობი, რომელიც მიყვარს ადამიანურადაც და როგორც მაყურებელს, აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში! დიახ, დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა - აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებულ, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს... გაუგონარია, ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუციას ამგვარი რეპუტაცია ჰქონდეს, გაუგონარია, გადასახადების გადამხდელების ფულით ფინანსდებოდნენ მოძალადეები", - წერს დათა თავაძე.

მანამდე, რუსთველის თეატრის მსახიობმა, თამთა ინაშვილმა გამოუცხადა სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილს. მან ფეისბუქზე დაწერა, რომ არ აპირებს მაყაშვილის ყოფილ ქმართან, ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე დგომას.

ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ზანგური მას სისტემატურად სცემდა, მათ შორის ორსულობის დროსაც. მან 11 წლის წინ განვითარებული მოვლენები რუსთავი 2-ის ეთერში გაიხსენა. როგორც მან თქვა, ყოფილი ქმრისგან ძალადობის ამბავს ახლა ყვება იმიტომ, რომ აღარ ეშინია და უნდა, ძალადობის მსხვერპლ სხვა ქალებს მაგალითი მისცეს. 

რუსთველის თეატრმა, რომლის დასშიც ზანგური ირიცხება, განაცხადა, რომ ძალადობას გმობს, მაგრამ მსახიობის გათავისუფლებას არ აპირებს. 

ბესო ზანგურს მხარდაჭერა ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამაც გამოუცხადა და თქვა, რომ "ქალებმა დაიწყეს 1937 წლის რეპრესიები". 


close დახურვა