უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს კრემლში თანამზრახველები ჰყავს და გადაწყვეტილებებს თავად არ იღებს.
"პრიგოჟინს კრემლში თანამზრახველები ჰყავს. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს... რუსი სამხედროები ვაგნერელებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ. მეტიც, ადგილობრივები მათ წყალს და საკვებს აწვდიდნენ.
დამიჯერეთ, პრიგოჟინს არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები. ის არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. ის ფაქტი, რომ მის უკან მაღალი თანამდებობის პირები დგანან, არავისთვის საიდუმლო აღარ არის", - ამბობს დანილოვი.
კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთში აჯანყებას აჩერებს. მისი თქმით, ძალებს უკან, საველე ბანაკებში აბრუნებს.
მანამდე, ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო პრიგოჟინს ესაუბრა. ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოსგან შეთავაზება ვაგნერელების მოძრაობის შეჩერებასა და დაძაბულობის დეესკალაციაზე.
- განახლებადი ინფორმაცია რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე: პრიგოჟინის აჯანყება - განახლებადი