უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსებმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყეს.
"ვიღაცას აქვს მოსაზრება, რომ ისინი [რუსები] თითქოს ერთ ან ორ დღეში გაიქცნენ - მას შემდეგ, რაც სუროვიკინმა შოიგუსთან ერთად ეს სპექტაკლი დადგა. ისინი გაიქცნენ ჩვენი ოპერაციის დაწყების შემდეგ. ჩვენი ჯარები ყველაფერს აკეთებენ, რათა ყოველდღე გავანადგუროთ ყველა ოკუპანტი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზეა", - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს.
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.