logo
ENG



დანილოვი მეორე ფრონტზე: მე არაფერს მოვუწოდებდი, თუ თვლით, რომ თქვენი მიწაა, უნდა დაიცვათ

30 ნოე 202223:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/30/bkpreqiwbhxgwmz.png

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ფორმულას გადაცემაში ამბები უკრაინდიან ამბობს, რომ მარტში გაკეთებული განცხადებით საქართველოსთვის მეორე ფრონტის გახსნისკენ არ მოუწოდებდა. 

დანილოვმა მარტში აღნიშნა, რომ რუსეთის ინტერესების სფეროებში დამატებითი ფრონტების გახსნა დაეხმარებოდა უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად. წამყვანმა მას უთხრა, რომ საქართველოში ეს დისკუსიის საგანი გახსნა და ხელისუფლებამ გამოიყენა პროპაგანდისთვის, რომ თითქოს უკრაინის მთავრობას სურს, საქართველოში ომი გაჩაღდეს.

"თუკი თვლით, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია, თქვენ უნდა იბრძოლოთ. თუ თვლით, რომ ეს ასე არ არის, ეს ტერიტორია არ არის თქვენი, მაშინ გააგრძელეთ მშვიდად ცხოვრება. მე ამას არ ვგულისხმობდი, მე არ ვიცი, ეს როგორ მოატრიალა თქვენმა ხელისუფლებამ, ეს არის თქვენი შიდა საქმე. თუკი 2008 წელს რაიმე წაგართვეს, ეს უნდა დაიბრუნოთ, თუკი ამის სურვილი გაქვთ. თუკი არ გაქვთ ამის სურვილი, შეგიძლიათ, უბრალოდ თქვათ, რომ თქვენ ეს ტერიტორია უბრალოდ გააჩუქეთ.

პოლიტიკოსი უნდა იყოს პასუხისმგებელი, უნდა იყოს გულწრფელი, მაგრამ არ უნდა დაიმალოს ქვედაბოლოს უკან, არ უნდა შეეშინდეს იმის თქმის, რას გააკეთებს ან არ გააკეთებს. გულწრფელობა და სამართლიანობა ეს არის ის, რასაც მოითხოვს და საჭიროებს თანამედროვე მსოფლიო. თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მოიქცეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ. თუკი თვლით, რომ ეს არ გჭირდებათ, ჩვენ რჩევის მოცემა არ შეგვიძლია", - განაცხადა მან.

დამატებით კითხვაზე, დაეზუსტებინა რას გულისხმობდა მისი ეს განცხადება, დანილოვი პასუხობს:

"მე არაფერს მოვუწოდებდი, თუკი თქვენ თვლით, რომ ეს არის თქვენი მიწა, მაშინ ის უნდა დაიცვათ, უნდა აიძულოთ მისი დაბრუნება აგრესორებს, თუ ეს თქვენ არ გჭირდებათ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ჩვენს მიწას დავიცავთ მანამდე, სანამ რუსი ტერორისტები არ გაქრებიან ჩვენი ქვეყნიდან, არ შეწყვეტენ ბრძოლას. წერტილი. ეს არის თქვენი პირადი საქმე", - აღნიშნავს ის.

მარტში უკრაინულმა მედიამ გაავრცელა დანილოვის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, თუ "გაიხსნება მე-2 ფრონტები ისეთ ტერიტორიაზე, რომლითაც რუსეთი დაინტერესებულია, ეს აუცილებლად დაეხმარება უკრაინას".

ამას მალევე გამოეხმაურნენ მმართველ პარტიაში - ისინი ამბობდნენ, რომ უკრაინის მთავრობას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. 28 მარტს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინა ომის მეორე ფრონტსა და მის საქართველოში გადმოტანაზე ნაციონალური მოძრაობის სტუმრობის შემდეგ ალაპარაკდა.

მას შემდეგ მმართველ გუნდში უკრაინის მიერ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებზე საუბრობენ - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განცხადება უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირების შემდეგაც გააკეთა. კობახიძემ თქვა, რომ უკრაინა აშანტაჟებს საქართველოს, გახსნას მეორე ფრონტი და ქვეყანა ომში ჩაერთოს.


close დახურვა