logo
ENG



კობახიძე უკრაინის სანქციებზე: სასოწარკვეთილი მცდელობაა, შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში

20 ოქტ 202218:57
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე უკრაინის სანქციებზე: სასოწარკვეთილი მცდელობაა, შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და გარემოცვის სანქცირების შესახებ აცხადებს, რომ უკრაინა აშანტაჟებს საქართველოს, გახსნას მეორე ფრონტი და ქვეყანა ომში ჩაერთოს.

კობახიძის თქმით, უკრაინა იმას, რისკენაც აქამდე სიტყვიერად მოუწოდებდა საქართველოს, ახლა შანტაჟის გზით ცდილობს, რაც კობახიძის აზრით "სასოწარკვეთილი მცდელობაა"

კობახიძემ გაიხსენა ივანიშვილის წერილი, რომელშიც ის წერდა, რომ აიძულებდნენ პოლიტიკაში დაბრუნებასა და ქვეყნის ომში ჩართვას ახლა კი, კობახიძის თქმით ამას უკვე ღიად ცდილობენ.

პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ისინი ივანიშვილს არ იცნობენ“, ქვეყანაში მეორე ფრონტი არ უნდა გაიხსნას და „გამორიცხულია, ივანიშვილი პოლიტიკაში ქვეყნის ომში ჩართვის მიზნით დაბრუნდეს“.

„ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ ნაბიჯიდან. ერთი მხრივ კონკრეტულად უშიშროების საბჭო, მისი მდივანი მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ. გახსოვთ თქვენ უშიშროების საბჭოს მდივნის დანილოვის მხრიდან პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ზუსტად იგივე უწყება პრაქტიკულად სანქციებით აშანტაჟებს ქვეყანას. ანუ მიზანი ეს არის. იქ არის რა თქმა უნდა მოხსენიებული კონკრეტული ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ თქვენ იცით ამას რა რიტორიკა უძღოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი. ეს არის მცდელობა, რომ შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში და გახსნან აქ მეორე ფრონტი, ანუ რასაც გვეუბნებიან პირდაპირი ფორმით და პირდაპირი სიტყვებით, ახლა იმას ცდილობენ შანტაჟის გზით. რაც არის სასოწარკვეთილი მცდელობა, მე ასე მგონია.

მე მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. პირდაპირი მცდელობა იყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავის წერილში, რომ შანტაჟის ეიძულებინათ ის, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, ქვეყანა ჩაერთო ომში. ნუ ახლა პირდაპირი ღია მცდელობაა, რაც იყო კულისებს მიღმა ის გამოიტანეს უკვე კულისებიდან გარეთ. რა თქმა უნდა, ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ისინი ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის გამორიცხული, ისინი უბრალოდ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს." - განაცხადა კობახიძემ. 

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა, რომელიც 12 ოქტომბრით არის დათარიღებული და ძალაში დღეიდან შევიდა. შავ სიაში შესაყვან პირთა სია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოამზადა. 

ე.წ. შავ სიაში არიან: ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული. ასევე, ივანიშვილის დეიადშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად. უჩა მამაცაშვილი რუსულ ბიზნესებთან არის კავშირში. 

საერთო ჯამში, სანქციები შეეხო 3 800 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. დასანქცირებულ პირთა შორის არიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პაველ ლებედევი, ასევე ოლიგარქები სერგეი კურჩენკო და ოლეგ დერიპასკა.

სანქციები ითვალისწინებს სიაში მოხვედრილი პირების აქტივების გაყინვას, ანუ ისინი დროებით ვერ შეძლებენ საკუთარი ქონების გამოყენებასა და განკარგვას, ასევე იმ ქონების განკარგვასაც, რომელსაც ისინი ირიბად ფლობენ. 

სანქციების თანახმად, ხსენებულ პირებს ეკრძალებათ არსებული კაპიტალის უკრაინის საზღვრებს გარეთ გატანა, მიწის ნაკვეთების შეძენა, ქონების გადაცემა/გასხვისება, სავაჭრო ოპერაციების შესრულება, რესურსების ტრანზიტი. სულ სანქციები 13 პუნქტისგან შედგება და მათი მოქმედების ვადა 10 წლით არის განსაზღვრული. 


close დახურვა