უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებას 14 რუსი გენერალი მხარს უჭერდა.
"სულ მცირე 14 რუსი გენერალი მხარს უჭერდა დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს, რადგან ვლადიმერ პუტინის აღარ სჯერათ", - ამბობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.
მანამდე, დანილოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. მისი თქმით, 24 ივნისის აჯანყების ავტორები კრემლში იმყოფებიან.
24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.