logo
ENG



დარახველიძე მალეტზე: საზღვარს ათასობით ადამიანი კვეთს, ყველას პირადი საქმე ვერ მეცოდინება

13 ნოე 202318:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/13/5imt411bkv21wah.png

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ბრიტანეთის მოქალაქის არშემოშვებას ეხმაურება და ამბობს, რომ  ყოველდღიურად ქვეყანაში "ათასობით ადამიანი შემოდის" და ყველას პირადი საქმე "ვერ ეცოდინება".

დარახვალიძის განმარტებით, სხვა ქვეყნებშიც არსებობს "მსგავსი პრაქტიკა" როდესაც მოქალაქეს არ უშვებენ და საზღვრიდან უკან აბრუნებენ.

"მე ასეთ სიღრმეებში არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, ეს არის სტანდარტული პროცედურა. არაერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ევროპაში მოგზაურობს, ყოფილა მსგავსი ფაქტის მოწმე, როდესაც არ უშვებენ ქვეყანაში და აბრუნებენ უკან. ჩვეულებრივად, ყველა ქვეყანას აქვს მსგავსი პრაქტიკა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ საქართველოს საზღვარს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვეთს და ყველა ადამიანის პირადი საქმე ვერ მეცოდინება და შესაბამისად, რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება, მე არ ვიცი"- თქვა დარახვალიძე.

12 ნოემბერს, ნაციონალური მოძრაობის კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც ცნობილია, ის 1 კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რამდენიმე დღით ქვეყნიდან გავიდა, რის შემდეგაც ის საქართველოში აღარ შემოუშვეს.

თბილისის აეროპორტში გვიან ღამით პარტიის ლიდერები - ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი მივიდნენ. ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ამით ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა.

 


close დახურვა