logo
ENG



დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა - სოციალურ ქსელში აქცია დაიგეგმა

21 აპრ 202011:37
3 წუთის საკითხავი
 
w5pemd0cz7gy0iq.jpg

სოციალურ ქსელში საქართველოში არსებული საგანგებო მდგომარეობის დასრულების მოთხოვნით აქცია დაიგეგმა.

როგორც ფეისბუქის ჯგუფში აქციის ორგანიზატორების მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიღებული ზომები არის არაპროპორციული.

„უკვე ერთი თვეა, რაც ჩვენს მთავრობას შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს. ეს პერიოდი დაგვამახსოვრდება მხოლოდ სრულიად დაუსაბუთებული შეზღუდვებით, განუკითხაობითა და შერჩევით სამართლით. უმუშევრად დარჩენილი ათასობით ადამიანი, არასამართლიანად გამოწერილი ჯარიმები და მთავრობის უპასუხისმგებლო ქცევა - ეს ყველაფერი ამ უკონტროლო ძალაუფლების შედეგია. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა, დაიწყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილებების საჯარო განხილვა და ღია გამოძიება!

ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც მივიჩნევთ, რომ მიღებული ზომები არის არაპროპორციული! ჩვენ გვგონია, რომ ასე თავს ვიღუპავთ და ვერც ვირუსს დავამარცხებთ. დაგვიბრუნეთ თავისუფლება და არჩევანის უფლება! გააუქმეთ საგანგებო მდგომარეობა!

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროტესტი არა მხოლოდ მთავრობის ქმედებებს შეეხება. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციასაც მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს საკუთარ ვალდებულებებს და გამოიყენოს მათ ხელთარსებული ყველა რესურსი, რათა გაძლიერდეს კონტროლი მთავრობაზე.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში. ჩვენ სოციალური დისტანციისა და კანონების სრული დაცვით, მივაწვდენთ პოლიტიკოსებს (მმართველ პარტიასა და ოპოზიციას) ჩვენს ხმას. ამისათვის, საგანგებო მდგომარეობის პარლამენტში განხილვის მომენტში, ჩვენ ვირტუალურად შევიკრიბებით პარლამენტის წინ. Check-in-თან ერთად, დავაფიქსირებთ თითოეული ჩვენთაგანის პოზიციას! როგორც ყოველთვის, რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მოგვისმენენ.
ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და - არა მთავრობის!

#არაუკონტროლომმართველობას“, - წერია განცხადებაში.

აქცია 22 აპრილს, პარლამენტის წინ 12:00-დან 14:00 საათამდეა დაგეგმილი.

კოროანვირუსის გამო, ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 


close დახურვა