აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი გიორგი თარგამაძის ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ არ ეთანხმება ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასე უპასუხა მან კითხვას ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ კანონპროექტებზე ოპოზიციური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტები მიღებამდე გადაიხედება.
"მე არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასევე, ზღუდავს მის წვდომას მედიაზე, რომ მიაწოდონ ამომრჩეველს სრული ინფორმაცია. იმედი მაქვს, ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე.[...]
რაც ახლა უნდა ხდებოდეს, ქართული 30-წლიანი დემოკრატიის კონტექსტში არის ის, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, განვითარებული ოპოზიცია. გრძელვადიან პერსპექტივაში ერთპარტიული პარლამენტი იქნება ძალიან იმედგამაცრუებელი უკანგადადგმული ნაბიჯი", - ამბობს დეგნანი.
ამავე ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესი "ჩიხში არაა" და საკითხის გადაწყვეტას პოლიტიკური ნება და გამბედაობა სჭირდება.
"არ მგონია, რომ პროცესი ჩიხშია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ 9 პარტია, მიუხედავად სერიოზული განსხვავებებისა, მოლაპარაკების მაგიდასთან ზის და ცდილობს, რომ პროცესი წინ წაწიოს. რაც ახლა გვჭირდება, ეს არის პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გამბედაობა, რათა გადაიდგას ნაბიჯი გამოსავლისკენ. იმედი მაქვს, მხარეები ამას შეძლებენ და საქართველოს ინტერესებს, საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ", - აცხადებს ელჩი დეგნანი.
ინტერვიუს სრულ ვერსიას ფორმულას ეთერში 23 დემბერს 21:00 საათზე ნახავთ.
ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის დაინიცირებული კანონპროექტით, პარტიას, რომელსაც შეუწყდება საპარლამენტო მანდატები ან საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან 1 წლით შეუჩერდებათ.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. ამასთან, პარლამენტში რეგისტრაციისთვის შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიებისთვის რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში, პოლიტიკური ლიდერის რანგში, მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებისათვის კონსტიტუციისთვის დადგენილ რომელიმე ცენზს.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან.
ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთვაზეს.
მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.
სწორედ ამის გამო, 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო.