საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას მიესალმება.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, ეს არის ნიშანი, რომ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგება და რეფორმები განხორციელდება.
"მივესალმებით ნაციონალური მოძრაობის ამ გადაწყვეტილებას. ეს ხელმოწერა მართლაც არის კარგი ნიშანი იმისა, რომ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგეს. ეს არის მნიშვნელოვანი, რათა ის რეფორმები გატარდეს, რომელიც აუცილებელია და ამ შემთხვევაში, საქართველოს ლიდერებს შორის უნდა იყოს ეს მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, ამერიკელი და ევროპელი მხარეები ყველანაირად ეცდებიან, რომ დაეხმარონ ამ პროცესს, მაგრამ ეს არის ქართველ ლიდერებს შორის მიმდინარე პროცესი. ეს ნიშანია, რომ ის რეფორმები, რომელიც დაგეგმილია, აუცილებლად განხორციელდება, რაც გააძლიერებს მთლიანად საქართველოს, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და საარჩევნო პროცესსაც შეუწყობს ხელს", - თქვა ელჩმა.
გუშინ, 1 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ თქვა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს. მელიას განაცხადა, ამის მიზეზი გახდა ქართული ოცნების ქმედებები, უარი ეთქვათ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, რაც, მელიას განცხადებით, საქართველოს დასავლურ კურსზე უარის თქმის ტოლფასია.
***
ოპოზიციის ნაწილს და ხელისუფლებას შორის შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერას წინ პარლამენტის ბოიკოტი და მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი პროცესი უძღოდა. ენმ-ს შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, თუმცა, ბოიკოტი დაარღვია და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდა.
დოკუმენტში ხაზგასმულია სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხი, ასევე, მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ნაწილი - შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო.
2021 წლის 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. მიზეზად მმართველმა პარტიამ დაასახელა ის, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ენმ-ს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია.
დოკუმენტიდან გასვლით ქართულმა ოცნებამ უარი თქვა, შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები და გაატაროს სასამართლო და საარჩევნო რეფორმა - ჩანაწერის მიუხედავად, შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა.
სწორედ განუხორციელებელი რეფორმების მიზეზით, ევროკავშირი საქართველოს €75-მილიონიან დახმარებას არ გადაურიცხავს.
მმართველი გუნდის წევრების მტკიცების მიუხედავად, რომ ეს სესხია, რომლის საჭიროება და აღების სურვილიც საქართველოს თავად არ აქვს, დახმარების არგადმორიცხვის მიზეზი გაუტარებელი რეფორმებია.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, სრულად მაკროფინანსური დახმარების პირობა - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის €75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია. ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება".
მანამდე, 23 აგვისტოს უკრაინაში, ყირიმის სამიტის ფარგლებში, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურად შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.