საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიისას დაძაბული რიტორიკა უკვე შეინიშნება, ის არ გამორიცხავს, რომ მომავალში ეს ფონი კიდევ უფრო გაძლიერდეს.
დეგნანი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშაონ, როგორიცაა ეკონომიკური საკითხები და მოსახლეობის კეთილდღეობა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ახალი საარჩევნო სისტემის ეფექტურად განხორციელება, რათა ყველა ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ არჩევნებზე ხმა თავისუფლად მისცენ.
"ნათელია, რომ საარჩევნო კამპანია უკვე იწყება, უკვე მიმდინარეობს და გარკვეულ წილად შესამჩნევიცაა საკმაოდ დაძაბული რიტორიკა, როგორც წინა არჩევნებიდან მსმენია. ეს მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. მოვუწოდებ პარტიებს, იმუშაონ ისეთ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ამომრჩევლისთვის. არსებით საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკური საკითხები, მოსახლეობის კეთილდღეობა და ეკონომიკური გაჯანსაღება პანდემიის შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღებული საარჩევნო კანონმდებლობა ეფექტურად და ზედმიწევნით განხორციელდეს, რომ ყოველ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა მისცეს ხმა დაშინების გარეშე, არ ჰქონდეს ადგილი სხვადასხვა პრობლემას, საარჩევნო გარემო იყოს თავისუფალი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს კელი დეგნანი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.