საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჭირო მკურნალობა მიიღოს.
ელჩის თქმით, მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანა იქნებოდა პოზიტიური ნაბიჯი, რასაც უნდა მოჰყვეს მიუკერძოებელი შეფასება და განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები.
"მთავარი საკითხია ადამიანის ჯანმრთელობა და მნიშვნელოვანია, რომ მან მიიღოს ის მკურნალობა, რაც ესაჭიროება. მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა იქნებოდა პოზიტიური ნაბიჯი, რასაც უნდა მოჰყვეს შემდგომში მიუკერძოებელი შეფასება, რომლის მიმართაც ყველას ექნება ნდობა და ამ შეფასების შემდგომ უნდა განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები. როდესაც საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე, მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილის იქნება თუ სხვა, ეს არის ყველაზე დიდი მნიშვნელობის საკითხი", - თქვა კელი დეგნანმა.
იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა.
სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.
გუშინ, იუსტიციის სამინისტროს შეთავაზების პასუხად, მიხეილ სააკაშვილმა 5 პირობა დაასახელა, რა შემთხვევაშიც კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადავა.