საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით. მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოფა, რომ სააკაშვილი იღებდეს საჭირო მზრუნველობას.
"ბევრი ქვეყნის პარლამენტის წევრია მსოფლიოს მასშტაბით, ვინც ამ საკითხს ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს და შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და კეთილდღეობით. ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ასევე შეშფოთებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ განცხადებები და შეფასებები სახალხო დამცველის ოფისის ან სხვების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ და როგორც მე ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამაც იცის, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდეს იმ სახის მზრუნველობას, რომელიც მას სჭირდება. ჩვენ ვაგრძელებთ თხოვნას ხელისუფლებისთვის, რომ გადადგან საჭირო ნაბიჯები მისი უფლებების დასაცავად, ასევე ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის", - თქვა დეგნანმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.
სააკაშვილისთვის სასჯელისგან გადავადებაზე სასამართლოს მიერ უარის თქმის შემდეგ, დეგნანი ამბობს, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს ოცნების მიმართ დაბეჯითებით თხოვნას, "გადადგან აუცილებელი ნაბიჯები და უზრუნველყონ სააკაშვილის იმ საკის მკურნალობა, რომელიც მას სჭირდება".
"კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ჩვენ ამ ვითარებას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ეს გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ,დიდი იმედგაცრუება იყო მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი ოჯახისთვის, რომელიც ძალიან განიცდის ამას. ჩვენ გავაგრძელებთ ხელისუფლების მიმართ დაბეჯითებით თხოვნას, რომ მან გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა თავიდან იყოს არიდებული ვითარების იმაზე მეტად გამწვავება, ვიდრე უკვე არის და უზრუნველყოს სააკაშვილისთვის იმ სახის მკურნალობა, რომელიც მას სჭირდება", - ამბობს აშშ-ის ელჩი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ გუშინ, 6 თებერვალს უარი თქვა. ექსპრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს - საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.