აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პასუხობს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ თავად არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი და კელი დეგნანი, რომელიც საარჩევნოდ 5%-იანი ბარიერის დატოვებას არ ეთანხმება, არაა ექსპერტი.
კელი დეგნანი ამბობს, რომ ის ირაკლი კობახიძის ცოდნას პატივს სცემს, თუმცა, თავადაც აქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში, ხოლო ახლა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა არის საქართველოსთვის საუკეთესო.
"პატივს ვცემ ბატონ ირაკლი კობახიძის ცოდნას და საექსპერტო გამოცდილებას, ასევე, სხვა ბევრი კონსტიტუციონალისტის ცოდნას და გამოცდილებას, ვისაც შევხვედრივარ და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მართლაც გაუმართლა, რომ ძალიან ბევრი განათლებული კონსტიტუციონალისტი და იურისტი ჰყავს.
ასევე, მეც პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში და მიმუშავია სხვადასხვა ადგილას კონსტიტუციის შექმნის პროცესში დავხმარებივარ. გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი, მნიშვნელოვანი ასპექტები და ასე შემდეგ. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე და მაგალითზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო," - ამბობს კელი დეგნანი.
კელი დეგნანის თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშნველოვანია პარლამენტში იყოს მეტი პარტია და მრავალფეროვნება.
"ქართველი პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდენენ იმაზე, რომ დაბალი ბარიერი არჩევნებზე იქნებოდა სასარგებლო. ეს დადასტურდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით, როდესაც 1%-იანი ბარიერის შედეგად, პარლამენტში აღმოჩნდა 9 პარტია. ეს შეფასდა, როგორც დადებით განვითარებად და მათ შორის, ამ საკითხს ეთანხმებოდა მმართველი პარტია.
ამის შემდგომ, კვლავ გაგრძელდა მოლაპარაკებები და პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ 2%-იანი ბარიერი და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ის, რაც საქართველოს სჭირდება ამ დროისთვის. იმიტომ, რომ ამაზე საუბარი იყო 2019 წელსაც, რომ უნდა ჩატარებულიყო ასეთი წესით. ეს არ მოხდა, თუმცა შემდგომში მიღებულ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება, ეს არის ის, რაც მნიშნველოვანია საქართველოს განვითარების ამ ეტაპისთვის, რამაც უნდა შეიყვანოს პარლამენტში უფრო მეტი პარტია, მეტი მრავალფეროვნება და რაც მთავარია, მეტი ხმა და პოზიცია იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ამ ეტაპზე, ეს იქნება საუკეთესო გზა, " - ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი აქვს. კობახიძე ამით კელი დეგნანს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საარჩევნოდ 5%-იანი ბარიერის დატოვება, არაა გზა მრავალფეროვანი პარლამენტისკენ და "მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს".
19 აპრილს, შარლ მიშელის მედიაციით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა საარჩევნო რეფორმას, მათ შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით გამართვას და შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ან, მაქსიმუმ, 2%-იანი ბარიერის შემოღებას.