logo
ENG



დევიდ ქრეიმერი: ქართული ოცნება ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დარჩენას ცდილობს

23 იან 202012:00
3 წუთის საკითხავი
 

კონგრესმენების წერილს ამერიკელი პოლიტოლოგები და ყოფილი დიპლომატები აფასებენ. მათი განცხადებით, ვაშინგტონში შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, მმართველი პარტიის ყველა ქმედება კი ხელისუფლებაში დარჩენისკენაა მიმართული. ყოფილი მაღალჩინოსნების აზრით, პრემიერისადმი გაგზავნილი წერილი მნიშვნელოვანი სიგნალი და ერთგვარი გაფრთხილება იყო.

„ჩვენ ვხედავთ მზარდ წუხილს, რომ „ქართული ოცნება“, უბრალოდ, მიმართულია იქითკენ, რომ ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დარჩეს. კონგრესის წევრები კი გზავნიან სიგნალს, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ და ამას შედეგებიც მოჰყვება. ეს წერილები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ისინი სწორ სიგნალს გზავნიან. იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ამას აცნობიერებს და უმჯობესია, მოაგვაროს ვიდრე ძალიან გვიანი იქნება,“ - აცხადებს ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ ქრეიმერი

„ფრიდომ ჰაუსის“ ყოფილი პრეზიდენტი დევიდ ქრეიმერი განმარტავს, რომ შეცდომა იქნება, ქართულმა ოცნებამ სასამართლო და სამართალდამცველი ორგანოები ოპოზიციის წევრების, კრიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ გამოიყენოს. მან ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატებიდან ანგარიშგასაწევი გზავნილი იყო მოლდოველი ოლიგარქის, პლოხოტნიუკის სანქციების სიაში შეყვანა და იმედოვნებს, თბილისში ეს გზავნილი მკაფიოდ გაიგეს. ის ასევე შეეხო კონგრესში წარმოდგენილ მარქუეინ მალინის კანონპროექტს პატიოსანი ბიზნესის პრაქტიკის სანქციების შესახებ.

„ეს არის იმ მზარდი წუხილის გამოხატულება, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის. მისი ურთიერთობა რუსეთთან ასევე შეკითხვებს ბადებს. ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მოპყრობა ასევე იწვევს შეკითხვებს და წუხილს. რაც შეეხება ეკონომიკას და ბიზნესს, მზარდი წუხილია უცხოელ ინვესტორებთან მოქცევაზე, განვითარების პროექტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. უჩვეულოა შეერთებული შტატებისთვის, ჰქონდეს კანონპროექტი, რომელშიც მოკავშირის წინააღმდეგ სანქციებზეა საუბარი. რაც იან კელი წავიდა, შეერთებულ შტატებს თითქმის 2 წელი არ ჰყავდა ელჩი საქართველოში. ეს ამერიკის ბრალი არ ყოფილა. ჩვენ შევთავაზეთ შემცვლელი, თუმცა "ქართულ ოცნებას" არჩევანი არ მოეწონა. საბოლოოდ ელჩი დეგნანი მიდის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გვეყოლება პიროვნება ელჩის დონეზე გზავნილის გასახმოვანებლად, რომ ყურადღებას ვამახვილებთ და შესაძლოა შედეგებიც მოჰყვეს,“ - აცხადებს დევიდდ ქრეიმერი

ამერიკელი დიპლომატებისთვის მიუღებელი იყო, თუ როგორ გამოიყენა ძალა „ქართულმა ოცნებამ“ საპროტესტო დემონსტრაციის წინააღმდეგ. უილიამ კორტნი ამბობს, რომ პრობლემები უფრო ღრმაა, ვიდრე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდება.   

საქართველოს მეგობრები ხაზს უსვამენ, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლა გაგრძელდება და იქნება შედეგებიც, თუ „ქართული ოცნება“ კურსს არ შეცვლის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი ნდობის აღსადგენად.


close დახურვა