logo
ENG



დეკანოზი: ვისაც გინდათ საქართველოს ნათელი მომავალი ჰქონდეს, ყველანი რუსთაველზე

06 ივლ 202118:41
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოზი: ვისაც გინდათ საქართველოს ნათელი მომავალი ჰქონდეს, ყველანი რუსთაველზე

დეკანოზი ზაზა თევზაძე აცხადებს, რომ პარლამენტის წინ 20 საათზე დაგეგმილ მდუმარე აქციას უერთდება. ამაზე ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საჯაროდ წერს:

"ვისაც გინდათ საქართველოს ნათელი მომავალი ქონდეს ყველანი 20:00 რუსთაველზე!"

რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქცია დაანონსდა.

აქციას პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან. 

გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ გუშინდელი ძალადობა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ იყო ორგანიზებული. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ და ყველას აჩვენონ, რომ საქართველოში ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ.

მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს ასევე ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ:

"20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის და პუტინისტების წინააღმდეგ", - აცხადებს ბოკერია.

პოლიტიკური მოძრაობა დროა გუშინ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს დემოკრატიისთვის უდიდეს დარტყმად აფასებს.

"ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე. ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება პარტიის “გირჩი-მეტი თავისუფლება” მიერ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას. მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც გუშინ, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

 


close დახურვა