logo
ENG



"არ ავირჩიოთ უმოქმედობა" - დროა პარლამენტთან 20:00 საათზე დაგეგმილ აქციას უერთდება

06 ივლ 202112:51
3 წუთის საკითხავი
 
"არ ავირჩიოთ უმოქმედობა" - დროა პარლამენტთან 20:00 საათზე დაგეგმილ აქციას უერთდება
ფორმულა/ვახო ქარელი

პოლიტიკური მოძრაობა დროა დღეს, 20:00 საათზე დაანონსებულ აქციას უერთდება და მოქალაქეებს პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდებს. 

მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინდელი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის უდიდესი დარტყმა იყო.

"გუშინდელი დღე იყო უდიდესი დარტყმა სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიის საფუძვლებზე. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე.

ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება პარტიის “გირჩი-მეტი თავისუფლება” მიერ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას. მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

აქციას უერთდება ევროპული საქართველო და გირჩი - მეტი თავისუფლება.

აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც გუშინ, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ჟურნალისტებზე ძალადობის დროს პოლიციას არავინ დაუკავებია. მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, რომ ძალადობის 55 ფაქტი გამოავლინეს და 8 ადამიანი დააკავეს, თუმცა მხოლოდ ადმინსიტრაციული წესით.
 
1-ლი ივლისიდან საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია 5 ივლისს დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის 5 ივლისს აღარ გაიმართებოდა. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით

 


close დახურვა