დეკანოზი თადეოზ სარალიძე მის მიერ გავრცელებულ "შენდობის თხოვნის წერილზე" საუბრობს და აცხადებს, რომ უთხრეს, ძირითადად, სახარების განმარტებასა და წმინდანთა ცხოვრებაზე ესაუბრა. დეკანოზი არ აკონკრეტებს თუ ვინ თხოვა მას ეს. საქართველოს საპატრიარქო დეკანოზის "შენდობის თხოვნის წერილი" 28 იანვარს გაავრცელა. წერილში ვკითხულოვთ, რომ დეკანოზი თადეოზი ითხოვს შენდობას იმის გამო, რომ მღვდელმთავრის კურთხევის გარეშე იქადაგა. დეკანოზმა თადეოზმა 24 იანვარს ქადაგებისას განაცხადა, რომ სჯობს "პარაზიტი ბავშვები" ადრე მოკვდნენ და სასუფეველში მოხვდნენ, ვიდრე უმაქნისები გაიზარდონ. გარდა ამისა, დეკანოზი თადეოზ სარალიძე არმენოფობიური და ანტისემიტური განცხადებებითაც გამოირჩევა.
თადეოზის თქმით, ის მიტროპოლიტ დანიელს დიდ პატივს ცემს და მის სიტყვას არ დაარღვევს.
"ჩემთვის გუშინდელი დღე იყო უმშვენიერესი და ასე კარგად, მართლა არ ვყოფილვარ... ამბიონიდან, შეგიძლიათ მობრძანდეთ და მოისმინოთ. მითხრეს, რომ ძირითადად, სახარების განმარტებაზე და წმინდანთა ცხოვრებაზე ისაუბრეო, ასეთ ცხელ-ცხელ ინფორმაციებს ცოტა მოერიდეო. მე მეუფე ძალიან მიყვარს, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, არ მინდა დავარღვიო ის სიტყვა, რაც მე ვთქვი, მანდ უკვე განმარტებული მაქვს და არ ვისაუბრებ. ყველაფერი დაღეჭილი არის. ვისაც, როგორ უნდა ისე გაიგოს, მე არ მაინტერესებს", - აცხადებს "კურიერთან" საუბარში დეკანოზი თადეოზი.
გუშინ, 28 იანვარს, დეკანოზ თადეოზის ქადაგების შემდეგ გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის "შენდობის თხოვნის წერილს" გაავრცელა, რომელიც მათივე ცნობით, მიწოდებულია ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიერ. წერილში ვკითხულობთ, რომ დეკანოზი თადეოზი ითხოვს შენდობას. იქამდე კი თადეოზის ქადაგებაზე განცხადება მიტროპოლიტმა დანიელმა გააკეთა და განაცხადა, რომ დეკანოზ თადეოზს ზოგ შემთხვევაში სწორი პოზიციის თქმა სურდა, მაგრამ არასწორად გამოთქვა.