დეკანოზი თამაზ ლომიძე დარწმუნებულია, რომ ნინოწმინდის პანსიონში საგანგაშო მდგომარეობაა და ბავშვებს სასწრაფოდ სჭირდებათ შველა.
დეკანოზი აცხადებს, რომ ამ დასკვნის მიზეზს ეპისკოპოს სპირიდონის გადაწყვეტილება აძლევს, ჩაკეტოს კარი და არ შეუშვას პანსიონში საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სახალხო დამცველს და მისი კონტროლის ჯგუფი.
"ფაქტობრივად მთავარეპისკოპოსი ეპისკოპოსი სპირიდონი სახელმწიფოს თავზე ახევს კონსტიტუციას. ეს დაუშვებელია. სახელმწიფომ არ უნდა მისცეს ამის ნება არავის, მით უმეტეს, როცა ბავშვების უსაფრთხოებას ეხება საქმე.
ვინაა ერთი ეპისკოპოსი, რომ სახელმწიფოს კანონს არ ემორჩილება?!
მეორეს მხრივ, ჩემს დაქვემდებარებაში რომ იყოს ბავშვთა პანსიონი, რატომ უნდა მქონდეს ჩაკეტილი? რა, ციხეა თუ კოლონია?
რატომ არ უნდა მინდოდეს, რომ ნახოს ხალხმა, ჟურნალისტებმა, მაკონტროლებელმა ორგანოებმა რა კარგ და ყოველმხრივ შესაფერის მდგომარეობაში მყავს ბავშვები?!
თუ რამე არ მაქვს წესრიგში, მაინც უნდა მინდოდეს, რომ გავხსნა კარი და ყველას ვანახო ჩემი პრობლემა - იქნებ დამეხმარონ და სასიკეთოდ შევცვალო ბავშვების მდგომარეობა.
რადგან ამ ყველაფერს კატეგორიულად და პანიკურად ეწინააღმდეგება მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და სასწრაფოდ შესამოწმებელია. 1-ლ ივნისს ვუერთებ ჩემს ხმას ამ განგაშს - უშველეთ ბავშვებს, სახელმწიფოვ, შეასრულე შენი მოვალეობა, გაახსნევინე ჩარაზული კარი, დაუშვი სახალხო დამცველი და სასწარაფოდ შეამოწმე შენი ბავშვების მდგომარეობა ნინოწმინდის პანსიონში.
ნამახვანზე დიდი პრობლემაა ეს ბავშვები!". - აცხადებს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
ნინოწმინდის პანსიონში, რომელიც საპატრიარქოს ექვემდებარება, ომბუდსმენს არ უშვებენ, თუმცა, შეუშვეს პრორუსული მედია და ორგანიზაციები.
სახალხო დამცველი წლებია აცხადებს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.
ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.
თუმცა, სახელმწიფოს ეს მოვალეობა არ შეუსრულებია.
„სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება", - ნათქვამია გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია PHR-სთვის მიწერილ შეტყობინებაში.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აცხადებს, რომ გაერო მსგავს ბერკეტს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იყენებს.
1-ლ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უცნობია ბავშვების მდგომარეობა მაშინ, როცა სახალხო დამცველის ბოლო მონიტორინგზე დაყრდნობით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები არიან.
"ვინაიდან დიდი დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხოებას და სათანადო ზრუნვას, 1 ივნისს (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე), 18:00 სთ-ზე მთავრობის კანცელარიის წინ ვმართავთ საპროეტსო აქციას და საქართველოს მთავრობისაგან მოვითხოვთ:
- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა;
- დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში". - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.