ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო სისტემასთან დაკავშრებით პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული მოდელი, 100/50-ზე, ქვეყნის მოსახლეობის ნებას არ გამოხატავს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, აღნიშნული მოდელი იძლევა საშუალებას, რომ პოლიტიკურმა ძალამ ხმების უმცირესობით მოიპოვოს უმრავლესობა.
„ამ შემოთავაზების, რომელიც არაფერს ცვლის არსებითად და ისევ იძლევა საშუალებას, რომ უმცირესობის ხმით უმრავლესობა მოიპოვოს ნებისმიერმა ძალამ, ან საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს ნახევრით, ჩვენ ოპოზიციამ უარი ვუთხარით შეხვედრაზე იქვე მკაფიო და ათასჯერ. რაღაც ისტერიკის ნიშანია, რომ იმეორებენ ამაზე უნდა იფიქრონო“, - განაცხადა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კი არსებულ საარჩევნო სისტემასა და უმრავლესობის მიერ შემოტავაზებულ 100-50-ს შორის განსხვავებას ვერ ხედავს.
„100/50-ზე არის უსამართლო სისტემა. პრაქტიკულად, არაფრით განსხვავდება მაჟორიტარული სისტემისგან, იმ სისტემისგან, რომელიც ახლა გვაქვს. ამიტომ, ეს შეთავაზება არ წამოადგენს საქართველოს მოქალაქეების ნებას“, - განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმადა სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლებისწამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს.
დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.
მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოოა.
ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასტან შესაბამისობაში მოდის.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, თებერვალში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.