logo
ENG



დეკანოიძე: ელისაშვილის არგუმენტაცია სუსტია, ამ პარლამენტში შესასვლელად არავინ მემეტება

09 დეკ 202013:07
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არ მოეწონა პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის, პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ელისაშვილმა თქვა, რომ თუ ხელისუფლებასთან საარჩევნო რეფორმაზე მისთვის მისაღები შეთანხმება შედგება, პარლამენტში შევა.

დეკანოიძე ფორმულას გადაცემა კომენტარში ამბობს, რომ მთავარია ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არა საარჩევნო სისტემაზე "ხელისუფლებს მიერ გადმოგდებული რამდენიმე ცვლილება".

დეკანოიძე აცხადებს, რომ ელისაშვილის არგუმენტაცია ძალიან სუსტია.

"არ ვიცი, ორი კაცი შევალთ პარლამენტშიო?! ეგ ვეღარ მოვისმინე. ორი კაცი გავიდა მაგის პარტიიდან და ანუ, ორი კაცი ეყოლება ოპოზიციას?! რიტორიკული კითხვა იყო. საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომელსაც გვთავაზობენ "ოცნების" წარმომადგენლები, ამას პარლამენტში შესვლა არ სჭირდება, თუ პოლიტიკური ნება იქნება, ამას "ოცნება" ისედაც გააკეთებს. მე ვიცი ჩვენი პარტიის პოზიცია, ვიცი ოპოზიციის უმრავლესობის პოზიცია. ჩვენთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, რიგგარეშე არჩევნების და არჩევნებამდე მისასვლელი გზის დადასტურების გარეშე ცალკე დოკუმენტი, შეთანხმება და რაღაც რამდენიმე გადმოგდებული ცვლილება საარჩევნო კომისიებში, ეს ჩვენთვის არ არის გადამწყვეტი.

ქართული ოცნების მხრიდან ჟვანიას გამოცვლაზეც კი არ არის საუბარი. მე არ ვიცი, თუ ამაზე, პოლიტპატიმრებზე და რიგგარეშე არჩევნებზე შეიძლება რამე გაიცვალოს, ჩემთვის ეს იქნება ოპოზიციის ერთობის დარღვევა და სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მემეტება არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმ პარლამენტში შესასვლელად", - თქვა დეკანოიძემ.

ელისაშვილმა დღეს, 9 დეკემბერს თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთან საარჩევნო რეფორმაზე მისთვის მისაღები შეთანხმება შედგება, პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვის. როგორც ის აღნიშნავს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ყველა მოქალაქე ენდობა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 8 დეკემბერს, ხელისუფლებასთან შეხვედრიდან გამოსული ელისაშვილი ამბობდა, რომ პარლამენტში არ შედის.

ელისაშვილი პირველია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, ვინც ღიად თქვა, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. სხვა პარტიები ამ დრომდე საჯაროდ კვლავ ბოიკოტს ემხრობიან იმ შემთხვევაში, თუ ყველასთვის მისაღები შეთანხმება არ შედგა. პარტიების უმრავლესობა შეთანხმების ნაწილად განიხილავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ან პლებისციტის დანიშვნას. ამ ეტაპზე ხელისუფლება არც ერთი ამ მოთხოვნის შესრულებას არ განიხილავს. საარჩევნო რეფორმა მოთხოვნების კიდევ ერთი ნაწილია - აქ მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეთანხმების მეტი სივრცეა.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე კი 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება. 

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს. მხარეებს შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, შეხვედრები მიმდინარეობს. 


close დახურვა