ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს "ოცნებისგან წახალისებული ადამიანებისგან" დაცვა რომ დასჭირდეს, დაიცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"ოცნების ტროლების პარალელურად ვხედავ ჩემზე ფიზიკურად გასწორების მოწოდებას, სექსისტურ ბილწსიტყვაობას, რასაც წერენ იმ კაცების პოსტების ქვეშ, ვინც ამას გულგრილად უყურებს. ქალებზე, შესაძლო მომავალ თანაგუნდელებზე ძალადობას ვინც აკვირდება სეირით, მათი ადგილი პარტიის მმართველ რგოლში არ არის.
ამიტომ შემიძლია კიდევ ვთქვა: ზურაბიშვილს ოცნების წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს - დავიცავ.
ვფიქრობ, მასაც ესმის, რომ ამ ჩიხიდან ვეღარ გამოვალთ და ევროპისკენ ვერასდროს წავალთ თუ მიშა ვერ გადარჩა. იმედია", - წერს დეკანოიძე.
პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლესთან იმ აქციის მონაწილეებს მიმართა, ვინც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აპროტესტებდნენ. ზურაბიშვილი სიტყვით სასახლის ეზოში გამოვიდა, თუმცა თავისი სათქმელი არ დაასრულა და მოგვიანებით ბრიფინგი ჩანიშნა.
"აქ რომ მოვარდით ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე...", - პრეზიდენტის ამ სიტყვებს ხმაური მოყვა.
ბრიფინგზე მან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ჩამოსვლა ორივე მხარეს აწყობდა. თუმცა ზურაბიშვილმა არ უპასუხა კითხვას სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამას "პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა".
აქამდე პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებდა. მან თავდაპირველად პოზიცია პირველ ოქტომბერს დააფიქსირა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე პასუხი არის "არა და არასდროს". 3 ნოემბერს ზურაბიშვილმა თავისი განცხადება გაიმეორა და თქვა, რომ მისი პოზიცია ამ საკითხზე უცვლელი იყო.