logo
ENG



დეკანოიძე: ოპოზიციის პოზიცია უცვლელია, მაგრამ მნიშნელოვანია მელაშვილი-ილიჩოვას სახლში ხილვა

28 იან 202114:11
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების საქმე დღემდე რჩება ერთერთ ყველაზე მძიმე ბრალდებად. ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა დღეს, 28 იანვარს განაცხადა, რომ მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

დეკანოიძის განცხადებით, მელაშვილი-ილიჩოვას გათავისულება ოპოზიციის მოთხოვნების ერთი პუნქტის ნაწილია და პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად აუცილებელია ხელახალი ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

"საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და ამ ადამიანების საქმე იყო ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო და დღემდე რჩება ყველაზე მძიმე და შეთითხნილ ბრალდებად. ყველაზე გულსატკენი, სევდიანი, აღმაშფოთებელია ის, რომ სახლემწიფოს როგორც უნდა ისე ექცევა ადამიანებს, მართლმსაჯულების გარეშე. ეს (პოლიტპატიმრები) იყო ერთერთი და ერთი პუნქტი. რიგგარეშე ან ვადამდელი არჩევნები ან ნებისმიერი გზა არჩევნების მისაღწევად რჩება ერთერთ ყველა მნინელოვნად, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენს პოზიციას ამ პარლამენტის მიმართ არ შეცვლის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები დღეს ჩვენ ვიხილოთ სახლებში", - აცხადებს დეკანოიძე.

დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 28 იანვარს გაიმართება. 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება მათ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. 


close დახურვა