logo
ENG



დეკანოიძე: საპარლამენტო საქმიანობის იარაღად გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის

11 მაი 202116:48
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: საპარლამენტო საქმიანობის იარაღად გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის
ვახო ქარელი/ფორმულა

ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საპარლამენტო საქმიანობის იარაღად გამოყენება პარტიისთვის მნიშვნელოვანი იქნება. 

ეს მან ნაციონალური მოძრაობის შიდა კონსულტაციების პარალელურად თქვა - პარტია მსჯელობს, უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში. 

ენმ-ის წევრების ნაწილი მომხრეა, შევიდეს პარლამენტში ისე, რომ ხელი არ მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს. 

მეორე ნაწილი კი როგორც შეთნხმების ხელმოწერას, ისე პარლამენტში შესვლას ეწინააღმდეგება, ვინაიდან მათ არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარეს. 

"კონსულტაციები დღეს არ დასრულდება. ნიკა [მელია] აპირებს შეხვედრას სხვა პარტიების წარმომადგენლებთანაც. ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოო ფორმით უნდა მიიღოს პოლიტსაბჭომ - შევა თუ არა პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა, გააგრძელებს თუ არა საპარლამენტო საქმიანობას.

ჩემი პირადი პოზიციაა, რაც იციან ჩემმა მეგობრებმა და ნიკა მელიამაც, რომ საპარლამენტო საქმიანობის როგორც იარაღად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის". - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

დღევანდელი შეხვედრა არ არის ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომა. პოლიტსაბჭო ერთი კვირის შემდეგ შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს. 

შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებასა და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ დოკუმენტს 19 აპრილს ხელი ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა. ხელმომწერი ოპოზიციონერები პარლამენტშიც შევიდნენ. 

შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა ენმ-სთვის. პარტიიდან წინადადებას მხოლოდ სალომე სამადაშვილი დათანხმდა, შემდეგ კი ენმ ფაქტობრივად დატოვა. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს. 

ენმ-სთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვისაც მიუღებელია ამნისტიის ნაწილი, რომელიც მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა. 

წინადადებაში წერია, რომ "შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს". 

2 საქმე გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებს მოიაზრებდა. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი ციხიდან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. 

თუმცა, მმართველი გუნდი გეგმავს, მიიღოს ცვლილებები ამნისტიის შესახებ კანონში, რომლის ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვითაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

პარლამენტში დარეგისტრირებულია ამნისტიის კანონში შესატანი ცვლილებების ოპოზიციის ვარიანტიც


close დახურვა