კახა კალაძის განცხადებას ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლასთან დაკავშირებით, დეპუტატები ეხმიანებიან. დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, სწორი იქნება თუ კალაძე საკუთარ უპასუხისმგებლო ქმედებებზე ისაუბრებს.
„ქალაქის მერთან მიმართებაში ჩვენ პირადად გვაქვს სერიოზული კითხვები მის კორუფციასთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა იქნება თუ ის თავის მხრიდან ჩადენილ უპასუხისმგებლო ქმედებაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ხატია დეკანოიძის თქმით, თბილისის მერი ნაცვლად თბილისელების პრობლემების მოგვარებისა, ზიზღის ენით და თავისუფალ მედიაზე შეტევის მცდელობით არის დაკავებული.
„ქართულ ოცნებაში" თბილისის არჩეული მერი, რომელიც თბილისელების ცხოვრებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, უბრალოდ დაკავებულია ზიზღის ენით, თავისუფალ მედიაზე შეტევის მცდელობით, ჟურნალისტებთან საზიზღარი ენით საუბრით და ოპოზიციის მიმართ ძალიან ბინძური და ამაზრზენი კამპანიით“, - განაცხდა ხატია დეკანოიძემ.
სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში - ასე ემუქრება დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასაშუალებებს, რომლებიც მისი თქმით ფეიკ ნიუსებს გაავრცელებენ. თბილისის მერის განცხადებით, მერია ფეიკნიუსთან ბრძოლას იწყებს. დედაქალაქის მერის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა ფოტოც, რომელზეც სხვა ტელეკომპანიებთან ერთად „ფორმულაც" არის მოხსენიებული, როგორც სიცრუის გამავრცელებელი ტელეკომპანია. თუმცა „ფორმულას" კითხვაზე, კონკრეტულად რომელი ინფორმაცია იყო არასწორი, კალაძე ჟურნალისტებს დალოდებას ურჩევს.