logo
ENG



დეკანოიძე პრეზიდენტის მიწვევაზე: მივესალმები იდეას, ღონისძიებას დავესწრები

13 დეკ 202315:00
3 წუთის საკითხავი
 

ევროოპტიმისტების წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას მიესალმება და მას დაესწრება. დეკანოძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მიწვევაზე უარს ამბობს. 

"მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის იდეას, რომ უნდა არსებობდეს რამე სახის სახელმწიფოებრივი ერთიანობის იდეა, რომელიც მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, ერთიან პოზიციაზე ამყოფებდა პოლიტიკურ ძალებს. მე მივესალმები, რომ ეს იდეა იყოს პროდასავლური იდეა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, თუმცა, მე სხვა მოლოდინიც არ მქონდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ღონისძიებას არ დაესწრება. მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ ამ ღონისძიებაზე დასწრებას და კიდევ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი იდეა ევროინტეგრაცია იყოს და მსგავსი ერთიანი პოზიცია ჰქონდეს ყველა პოლიტიკურ ძალას", - განაცხადა მან. 

პრეზიდენეტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნამდე 2 დღით ადრე, დღეს, 20:00 საათზე კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ადმინისტრაციაში შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს.

ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.

მიწვევაზე უარი განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

2023 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა პეტიცია, სახელწოდებით "ჩვენი ხმა ევროპას". ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სთხოვს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. 

 

 

 


close დახურვა