ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მთავარი საკითხი პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო.
დეკანოიძის თქმით, მან ზურაბიშვილს უთხრა, რომ პოლიტიკური სასამართლო ყველაზე მძიმე მოცემულობაა და ევროატლანტიკური მომავლისთვის დაბრკოლებას ქმნის.
"ჩვენი ყველაზე მძიმე მოცემულობა რაც არის, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რაც არის რეალურად ყველაზე უფრო დიდი ნიშნული პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის.
პოლიტიკური მართლმსაჯულება ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას - მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა და რამდენიმე პოტენციური პოლიტიკური პატიმრის არსებობა ქვეყანაში უნდა შეჩერდეს რაღაცნაირად და გადაწყდეს, ეს არის მნიშვნელოვანი. მე გავუზიარე და ვუთხარი, რომ ეს ყველაზე უფრო მძიმე მოცემულობა, რაც გულისხმობს პოლიტიკურ სასამართლოს და მართლმსაჯულებას, რეალურად ქმნის დაბრკოლებას ევროატლანტიკური მომავლისთვის", - თქვა დეკანოიძემ.
გარდა დეკანოძისა, დღეს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი და მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე.
როგორც ცნობილია, დღესვე ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავენ გირჩისა და ლელოს წარმომადგენლები.
გუშინ, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა პოლიტიკოს დავით ბაქრაძეს. მანამდე, კი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
მარგველაშვილის თქმით, შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად, განიხილა ინიციატივა "ეროვნულ თანხმობაზე".
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.