logo
ENG



დიმა ჩიქოვანს ცრუ დასმენისთვის POSTV-ის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

28 მარ 202311:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/28/jtqbntqh49dldk1.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს ცრუ დასმენასთან დაკავშირებით POST-ის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში სარჩელი შეაქვს. პრესკონფერენციაზე ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ჩიქოვანს უმძიმეს დანაშაულში დასწამეს ცილი.

"თითქოს მან ადამიანი გაიტაცა და შემდეგ ძალადობდა. ეს ცილისწამება არ შემოიფარგლა ეთერში მსგავსი განცხადებით, ამ ცილისწამებას მოყვა პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინება, როდესაც მათ მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოსდა დიმა ჩიქოვანმა ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაულები. ადგილზე მოვიდა პოლიციის არაერი ეკიპაჟი და მთელი ღამის მანძილზე, გამთენიამდე, პოლიციელები აწარმოებდნენ საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებს დიმა ჩიქოვანის ოჯახში, რითაც არსებითად დაირღვა დიმა ჩიქოვანის უფლებები და ვითხოვთ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით შსს-სა და პროკურატურის რეაგირებას", - თქვა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას, ბასილაია ამბობს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ადვოკატი განმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტისთვის არა საქმიანობაში ხელშეშლას, არამედ ბინაში მისი უკანონო შესვლის აღკვეთას. ბასილაია ამბობს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ. 

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის, POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს, გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. 

პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა.

2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.


close დახურვა