სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. საქმის მოსამართლის თქმით, მცდარი ფაქტის განზრახ გავრცელება არ მომხდარა.
ანა დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ედავება. დოლიძის თქმით, საქმე განზრახ გაიწელა, რათა ის უკვე კლანის წევრებმა განიხილონ.
„შეიძლება ამ სასამართლოს თვალში რუსეთის აგენტობა არაა ზიანის მომყენებელი, მაგრამ თავად გვრიტიშვილს აქვს ეთერში ნათქვამი, რომ მან ეს ინფორმაცია გაავრცელა საზოგადოებაში ჩემი მორალური რეპუტაციისთვის ზიანის მოსაყენებლად. ეს საქმე გაიწელა ერთ წელზე მეტი ხნით, რადგან კლანის ინტერესებში იყო, რომ უზენაეს სასამართლოში ამ საქმეს დახვდეს კლანის მოსამართლეები, რომლებიც ყველა პალატას გააკონტროლებენ“, - განაცხადა დოლიძემ.
დოლიძის უფლებადამცველის, მიხეილ ჯახუას განცხადებით, სასამართლომ კიდევ ერთი ტესტი ვერ ჩააბარა.
„სამწუხაროდ, ეს ტესტიც ვერ ჩააბარა ჩვენმა სასამართლომ სისტემამ. ვინაიდან მიიღო გადაწყვეტილება იმ მოცემულობით, როდესაც დიმიტრი გვრიტიშვილი თვითონვე ადასტურებდა, რომ იცოდა ანა დოლიძე არ იმყოფებოდა რუსეთში და მაინც გააკეთა ასეთი განცხადება. მიუხედავად ამ ჩანაწერისა, სასამართლომ ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამასთან სამართლებრივი თვალსაზრისით მათი განმარტება, რომ თითქოსდა ზიანის ფაქტი არ დასტურდება, ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს აქამდე არსებულ პრაქტიკას“, - განაცხადა უფლებადამცველმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2018 წლის 16 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას. მოსამართლე გვრიტიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მოსამართლის თქმით დოლიძე რუსულ ორგანიზაციას საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.