logo
ENG



დროა: საგანგაშოა მთავრობის გადაწყვეტილება, ითანამშრომლოს ბელარუსის კგბ-სთან

14 აგვ 202117:57
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/14/idd1co67fep2t85.jpg

მოძრაობა დროა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ითანამშრომლოს ბელარუსის კგბ-სთან, საგანგაშოა. 

მოძრაობა ამბობს, რომ ეს არა მხოლოდ ლეგიტიმაციას აძლევს ლუკაშენკოს საზარელ და არალეგიტიმურ რეჟიმს, რომელიც პასუხისმგებელია ათასობით ადამიანის სიკვდილზე, წამებასა და პოლიტპატიმრებზე, არამედ საფრთხეს უქმნის იმ ბელორუსელთა სიცოცხლეს, რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ. 

"უკვე სავსებით ნათელია, სად დგას საქართველოს მთავრობა. მათი ძალაუფლებაში ყოფნის ყოველი დამატებითი დღე საფრთხეს წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, მომავლისთვის". - აცხადებს დროა

საქართველოს სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის შეთანხმება 2016 წლის აგვისტოში გაფორმდა და 2021 წლის 1-ლ აგვისტოს ამოქმედდა.

დოკუმენტის მიხედვით, მისი მიზანია მხარეებს  შორის  მჭიდრო  თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, კორუფციის, ექსტრემიზმის და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის რეგულარულად გაცვლას სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე. 

ბელარუსში ოპოზიციონერ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე რეპრესიები ერთ წელზე მეტია, ხორციელდება. 

მას შემდეგ, რაც 2020 წლის 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ქვეყანაშ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია და მოქალაქეები არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ. 

აქციებზე დააკავეს ათობით ათასი ადამიანი. მოკლეს, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი. ქვეყანა დატოვა ათობით აქტივისტმა და ჟურნალისტმა. 


close დახურვა