logo
ENG



დროა: ხელისუფლება, პრაქტიკულად, ღიად ამბობს უარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე

30 მაი 202320:27
3 წუთის საკითხავი
 
დროა: ხელისუფლება, პრაქტიკულად, ღიად ამბობს უარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

პარტია დროა ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლას ეხმაურება, სადაც პრემიერმინისტრმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.

პარტიაში აცხადებენ, რომ ღარიბაშვილი განცხადება პირდაპირ კრემლის გზავნილი, საქართველოს ინტერესების ღალატი და დეკლარირებაა იმის, რომ ოცნება ემსახურება კრემლის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. 

დროას განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება, "პრაქტიკულად, ღიად ამბობს უარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე". 

"ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამიტის წინ, გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე გაიმეორა პირადად პუტინის გზავნილი და უკრაინის ომი დააბრალა ნატოს გაფართოებასა და უკრაინის სურვილს, გახდეს ნატოს წევრი. 

ეს განცხადება არის პირდაპირ კრემლის გზავნილი, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და დეკლარირება იმისა, რომ ქართული ოცნება ემსახურება კრემლის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, აკეთებს ამ ქვეყნის მტრის საქმეს. 

ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის გაგრძელებაა - დაუპირისპირდეს ყველა დასავლელ პარტნიორს, მოკავშირეს, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდამჭერს, მოაქციოს საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში, დატოვოს რუსეთთან მარტო და ამით გაანადგუროს სახელმწიფოებრიობა. 

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ნიშნავს მეტ იზოლაციას დასავლეთისგან და მეტ დაახლოებას მტერთან - რუსეთთან. შესაბამისად, ამ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ის პასუხი ხელისუფლებისთვის, რომელიც ატარებს მტრის და არა ხალხის ინტერესს, იქნება ერთადერთი - არა რუსულ მთავრობას!", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.

"ყველამ იცის მგონი მიზეზი [...] ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი. [...] არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ.

უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა. 

გასული წლის 5 მარტს პუტინმა თქვა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი სულ უფრო აქტიურდებოდა.

"გესმით, რა შეიძლებოდა ამას გამოეწვია [NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას]? ან შეიძლება ჯერ კიდევ გამოიწვიოს? თუ ეს NATO-ს ქვეყანაა, ამ ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ალიანსის ყველა სხვა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში", - თქვა პუტინმა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის NATO-ში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი რატიფიცირებას ელოდება.


close დახურვა