logo
ENG



დროში გაწელილი დავები, უნდობლობა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ - სახდეპის ანგარიში

29 ივლ 202209:28
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოს საინვესტიციო კლიმატია შეფასებული.

ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილში დროში გაჭიანურებულ სასამართლო დავებაზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ "არსებობს მზარდი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული დავები დამოუკიდებლად ან დროული და კომპეტენტური გზით, ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში კი წლობით გრძელდება".

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რიგი კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურობაზე მიუთითებენ, ასევე რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის საკუთრების უფლების შესახებ დავების აღსრულებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია სპეციალიზებული სასამართლოების არარსებობაზე.

"საქართველოს არ აქვს ინტეგრირებული კომერციული კოდი. არსებობს რამდენიმე განსხვავებული კანონი და კოდექსი, რომლებიც არეგულირებენ კომერციულ საქმიანობას, თუმცა არ არსებობს სპეციალიზებული სასამართლოები, როგორიცაა კომერციული სასამართლო, რომელიც განიხილავს კომერციულ დავებს", - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესახებაც არის საუბარი. ვკითხულობთ, რომ "საქართველოს ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუციები შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად მოქმედებენ".

ანგარიშში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც მოხვდა. ნათქვამია, რომ "მიუხედავად იმისა, მთავრობამ დაადასტურა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართ ერთგულება, ტენდერი კვლევების მომზადების პერიოდში გამოცხადებული არ ყოფილა".

საინვესტიციო გარემოს შეფასებისას ანგარიშში მოხვდა საპროტესტო აქციებიც, მათ შორის 2019 წლის 20 ივნისისა და 2021 წლის 5 ივლისის აქციაც და აღნიშნულია, რომ პროტესტის დროს, "ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციამ ნებადართული გარემო შეუქმნა ულტრამემარჯვენე მოძალადეებს".


close დახურვა